воскресенье, 31 марта 2024 г.

რა ვნახოთ ხულოში


ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. თუკი მოგზაურობა და ბუნებაში ხეტიალი გიყვართ, აქ მრავალ საინტერესო ადგილს იპოვნით. ტბები, ჩანჩქერები, ამწვანებული მთები, ალპური მდელოები და საოცარი ხედები უამრავ ადამიანს იზიდავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა, შუამთის ტბები და ბაკოს ჩანჩქერები.

მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო ტბები და მათი მშვენიერი შემოგარენი ულამაზეს სანახაობას ქმნის. ასევე, შეუძლებელია არ მოგხიბლოთ მწვანე ხეობაში კლდოვანზე გადმოკიდულმა ბაკოს ჩანჩქერებმა. გარდა ბუნების მშვენიერებისა ხულო კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ მდებარეობს აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – სხალთის მონასტერი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.

აჭარაში ფაქტობრივად ყველა ტაძარი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, ეს კიდევ უფრო ზრდის სხალთის ეკლესიის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად გამორჩეული ძეგლია X-XI საუკუნეების ხიხანის ციხეც, რომელიც გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, გასაოცარი და შთამბეჭდავი ხედებითაც გამოირჩევა.

რაიონში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: ვარდციხე, ციხისყელი, უჩხოს თაღოვანი ხიდი, კალოთის ეკლესია, ვანაძეების ეკლესია და სხვა. ხულოს ერთ-ერთი ტურისტული ობიექტია ხულო-თაგოს საბაგირო გზა, საიდანაც საოცარი გაშლილი სივრცეები გადაგეშლებათ თვალწინ. თუკი მთის კურორტების მოყვარული ხართ და ლამაზ, კოხტა კოტეჯში კომფორტული დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავია ხულოს კურორტები – გოდერძი და ბეშუმი. რაიონში ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ხულოს დრამატულ თეატრსა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

წყარო: georgiantravelguide

ხულოს გაუმარჯოს!
ხულოელებს სალამი!

.

.

ხონის შესახებ


ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები. ხონი ისტორიული კოლხეთის შემადგენელი ნაწილია და მისი წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებთან. რაიონში აღმოჩენილია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები, ასევე ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკეს სტატერი, "კოლხური თეთრის" მონეტათა განძი და ბიზანტიური მონეტები. ხონში შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" (იგივე პომპეუსის ხიდი) ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე.

აქ ძვ.წ. 65 წელს გაუვლია რომაელ სარდალს პომპეუსს და ასაწევი ხიდი აუგია. რაიონის ტერიტორია განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აგებული ტაძრებიც ადასტურებს.

1529 წელს ხონი საეპისკოპოსო ცენტრი გახდა, რამაც მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას შეუწყო ხელი. XVIII საუკუნეში ხონი მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა, რომელსაც სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ჰქონდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიასთან. შუა საუკუნეებში რაიონის ტერიტორია მეფის საკუთრება იყო. რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი ვაკის მაზრის ნაწილი იყო, დაბა ხონი კი – მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ეს ტერიტორია ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა. დაბა ხონი XIX საუკუნეში განსაკუთრებით განვითარდა.

20-30-იან წლებში ის მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 70-იან წლებში ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. 1892 წელს ნიკო ნიკოლაძის და სხვათა ინიციატივით სარწყავი არხი გაიყვანეს მდინარე ცხენისწყლიდან ხონი-ჯიხაიშის მიმართულებით, რომელიც 12 ათას დესეტინა მიწის ფართობს რწყავდა. დღესდღეობით რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. აქ ასევე არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. რაიონში არის მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხონს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალიც გააჩნია. კარსტული მღვიმეები, ოკაცეს კანიონი, კინჩხის ჩანჩქერი და სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები უამრავ მოგზაურს იზიდავს. ეს ულამაზესი მხარე თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურით გულგრილს არავის ტოვებს.

წყარო: georgiantravelguide.com

ხონს გაუმარჯოს!
ხონელებს სალამი!

.

.

среда, 27 марта 2024 г.

რა ვნახოთ სიღნაღში


სიღნაღი ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული.

უდიდესი პოპულარობით და მნახველთა სიმრავლით სარგებლობს ქალაქი სიღნაღი. მისი არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ.

აქ ინახება მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის უნიკალური ფერწერული კოლექციაც. სიღნაღი არა მხოლოდ კულტურით, ბუნების მხრივაც მიმზიდველი რაიონია. უკიდეგანო ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედები უდავოდ საოცარი სანახაობაა. აქ არის ივრის აღკვეთილი და ქილაკუპრას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლიც.

წყარო: georgiantravelguide.com

სიღნაღს გაუმარჯოს!
სიღნაღელებს სალამი!

სიღნაღის გეოგრაფია და კლიმატი


სიღნაღის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სიღნაღი.

მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს. მის ტერიტორიაზე შემოდის გომბორის ქედის მცირე ნაწილიც. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლესი მთა ჭოპორტია (1087 მ). სიღნაღი ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქ ზირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეებია. უნდა გამოვყოთ ორი მდინარე, ალაზანი და იორი.

ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები და ჯაგეკლიანი ბუჩქნარები. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც სოდას იღებენ. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები: წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. გომბორის ქედის ტყეებზე კი აღსანიშნავია მუხა და რცხილა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ტიპის ჰავა გამოიყოფა. ივრის ზეგანზე ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავაა, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, აქ ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული – ცხელი. გომბორის ქედზე კი ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა ცივი ზამთრით და ხანგრძლივად თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე.

წყარო: georgiantravelguide.com

სიღნაღს გაუმარჯოს!
სიღნაღელებს სალამი!

სენაკის მუნიციპალიტეტი


სენაკის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს სენაკის მაზრის დაშლის შემდეგ. 1935-1989 წლებში ეწოდებოდა ცხაკაიას რაიონი.

2006 წლიდან ეწოდა სენაკის მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სენაკი.

სენაკს გაუმარჯოს!
სენაკელებს სალამი!

суббота, 23 марта 2024 г.

მარნეულის მუნიციპალიტეტი


მარნეულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში. შედის ქვემო ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული.

1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 წლის საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისეგ ბორჩალოს მაზრაში იყო. 1929 წელს თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან ლუქსემბურგის (ახლანდ. ბოლნისის) რაიონში იყო. 1947 წლიდან მარნეულის რაიონი ეწოდებოდა.

წყარო: ვიკიპედია

მარნეულს გაუმარჯოს!
მარნეულელებს სალამი!

მარნეულის ნამოსახლარები და დიდი აღმოჩენები


მარნეულის ირგვლივ საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი ნეოლითური ნამოსახლარებია – არუხლოს გორა, ხრამის დიდი გორა, შულავრისა და იმირის გორები.

ხრამის დიდ გორაზე აღმოაჩინეს თიხის საღვინე ჭურჭელი და ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელია. ამ მასალის კომპლექსური კვლევების შედეგად მსოფლიო მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.

და არამარტო ვაზი – ნეოლითურ ნამოსახლარებში კულტურული ხორბლის კვალიც არის აღმოჩენილი, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.

ამ დიდ აღმოჩენებთან ერთად, მარნეულის ირგვლივ შუა საუკუნეების საინტერესო ძეგლებსაც ნახავ – მაგალითად, V-VI საუკუნეებში კლდეზე აგებულ წოფის ციხეს, XIII საუკუნის ხუჯაბის მონასტერს, XII-XIII საუკუნეების წერაქვის მონასტერსა და მრავალ სხვას.

წყარო: georgia.travel

მარნეულს გაუმარჯოს!
მარნეულელებს სალამი!