ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები. ხონი ისტორიული კოლხეთის შემადგენელი ნაწილია და მისი წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებთან. რაიონში აღმოჩენილია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები, ასევე ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკეს სტატერი, "კოლხური თეთრის" მონეტათა განძი და ბიზანტიური მონეტები. ხონში შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" (იგივე პომპეუსის ხიდი) ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე.
აქ ძვ.წ. 65 წელს გაუვლია რომაელ სარდალს პომპეუსს და ასაწევი ხიდი აუგია. რაიონის ტერიტორია განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აგებული ტაძრებიც ადასტურებს.
1529 წელს ხონი საეპისკოპოსო ცენტრი გახდა, რამაც მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას შეუწყო ხელი. XVIII საუკუნეში ხონი მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა, რომელსაც სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ჰქონდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიასთან. შუა საუკუნეებში რაიონის ტერიტორია მეფის საკუთრება იყო. რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი ვაკის მაზრის ნაწილი იყო, დაბა ხონი კი – მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ეს ტერიტორია ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა. დაბა ხონი XIX საუკუნეში განსაკუთრებით განვითარდა.
20-30-იან წლებში ის მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 70-იან წლებში ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. 1892 წელს ნიკო ნიკოლაძის და სხვათა ინიციატივით სარწყავი არხი გაიყვანეს მდინარე ცხენისწყლიდან ხონი-ჯიხაიშის მიმართულებით, რომელიც 12 ათას დესეტინა მიწის ფართობს რწყავდა. დღესდღეობით რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. აქ ასევე არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. რაიონში არის მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხონს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალიც გააჩნია. კარსტული მღვიმეები, ოკაცეს კანიონი, კინჩხის ჩანჩქერი და სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები უამრავ მოგზაურს იზიდავს. ეს ულამაზესი მხარე თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურით გულგრილს არავის ტოვებს.
წყარო: georgiantravelguide.com
ხონს გაუმარჯოს!
ხონელებს სალამი!
.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий