среда, 27 марта 2024 г.

სიღნაღის გეოგრაფია და კლიმატი


სიღნაღის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სიღნაღი.

მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს. მის ტერიტორიაზე შემოდის გომბორის ქედის მცირე ნაწილიც. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლესი მთა ჭოპორტია (1087 მ). სიღნაღი ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქ ზირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეებია. უნდა გამოვყოთ ორი მდინარე, ალაზანი და იორი.

ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები და ჯაგეკლიანი ბუჩქნარები. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც სოდას იღებენ. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები: წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. გომბორის ქედის ტყეებზე კი აღსანიშნავია მუხა და რცხილა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ტიპის ჰავა გამოიყოფა. ივრის ზეგანზე ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავაა, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, აქ ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული – ცხელი. გომბორის ქედზე კი ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა ცივი ზამთრით და ხანგრძლივად თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე.

წყარო: georgiantravelguide.com

სიღნაღს გაუმარჯოს!
სიღნაღელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий