пятница, 22 марта 2024 г.

თიანეთის გეოგრაფია და კლიმატი


თიანეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. იგი მოიცავს დაბა თიანეთის, დაბა სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიზეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩაკურაანთგორისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვება, აღმოსავლეთით – ახმეტის, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირე კი ჩადაბლებებს.

რაიონში ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მთავარ სამდინარო არტერიას მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები ქმნის. ივრის ხეობაში, სოფელ ლელოვანსა და დაბა სიონს შორის მდებარეობს სიონის წყალსაცავი, მისგან სამხრეთით კი აგებულია სიონჰესი. თიანეთის ტერიტორიაზე გვხვდება ტყე, ბუჩქნარი და სუბალპური მდელოები. რაიონის ტერიტორია მდიდარია ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ ბინადრობენ ქურციკი, არჩვი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ირემი, მაჩვი, მგელი, მელა, კვერნა, ფოცხვერი, კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, კრავიჭამია, მთის არწივი, კოდალა და სხვ. თიანეთში არის მცირე ტბებიც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელველების ტბა.

მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. ზღვის დონიდან 1000-1100 მ სიმაღლეზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრითა და ხანგრძილი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის – 4,1 °C, 4,7 °C. ზაფხულისა კი – 18,3 °C, 18,5 °C.

წყარო: georgiantravelguide.com

თიანეთს გაუმარჯოს!
თიანეთელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий